ავტორი : ნინა გოგიტიძე
ადამიანი - საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლი
მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეცოდინება ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ადამიანი საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლი ხდებოდა. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი მოდის რთული ბავშვობიდან, როცა ბავშვები განიცდიან რთულ პერიოდს, იზრდებიან ქუჩაში და ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.
მაგალითად, მინდა მოვიყავნო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოები, „სარჩობელაზედ“. ამ ნაწარმოების მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ორი ძმა, რომლებიც ბავშვობაში იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი, იზრდებოდნენ არაკეთილშობილურ გარემოში და არ ჰყავდათ აღმზრდელი, რომელიც მუდმივად იზრუნებდა ბავშვების მომავალზე, სწორედ პეტრეს გაქურდვა იყო ამ ყველაფრის შედეგი. ბიჭებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ თავი ერჩინათ და მთავარი დამნაშავე სწორედ არის ის საზოგადოება, რომლის გარშემოც იზრდებოდნენ ეს ბავშვები.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოზარდები და არამარტო მოზარდები, ზრდასრული ადამიანებიც ჩადიან ასეთ დანაშაულს. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ილიამ ეს ნაწარმოები დაწერა რეალური ამბის მიხედვით, რომელიც მოხდა 1878 წ. მახათას გორაზე ჩამოახრჩვეს ორი ძმა კუზანოვები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ყაჩაღ ტატო წულუკიძის ბანდიტურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. როგორც ცნობილია, ილია დიდხანს მუშაობდა ამ მოთხრობაზე, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ორი ძმის ამბავი, და ამ მოთხრობის დაწერის მთავარი მიზანი იყო ის, რომ დაგმობილიყო იმდროინდელი საზოგადოების უგულობა, სოციალური უთანასწორობის შედეგები, რაც, საბოლოო ჯამში, დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდა ახალგაზრდებს.
მარტო დამნაშავეები კი არ არიან საშიში, არამედ საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც გულგრილ დუმილს ირჩევს, სწორედ მათი მდუმარება იწვევს დანაშაულის ჩადენას. ისტორიას ბევრი შემთხვევა ახსოვს, როცა ადამიანს სჯიდნენ მისი დანაშაულის გამო, რომელიც გამოწვეული იყო, სწორედ ამ პრობლემით ( ჩაგვრა, ძალადობა) და საზოგადოება არ ცდილობდა, რომ რამენაირად ჩარეულიყო ამ პრობლემაში, და დამნაშავესათვის ეს სასჯელი შეემსუბუქებინა. ერთადერთი გზა არსებობს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს - ადამიანები უნდა გახდნენ უფრო კეთილშობილები და ერთგულები, რომ ადამიანებს მისცენ იმის საშუალება, რომ გამოასწორონ თავიაბსი შეცდომები და თავიდან დაიწყონ ცხოვრება.
Comments
Post a Comment